ამ დღეებში ჩვენს ორგანიზაციას დაარსებიდან 5 წელი უსრულდება !

ზუსტად 5 წლის წინ, მე და ჩემს მეგობრებს გაგვიჩნდა იდეა შეგვექმნა „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“. სწორედ ამ პერიოდში მიაღწია თავის პიკს  უმუშევრობის დონემ ჩვენს ქვეყანაში.

ლიბერალური შრომის კოდექსის „დამსახურებით“, სამსახურებიდან უცერემონიოდ და ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე განთავისუფლებული ადამიანები, აბსოლუტურად უუფლებონი აღმოჩნდნენ. მათ უფლებებს არავინ არ იცავდა და არც შეეძლო დაეცვა, რადგან საქართველოში თავად „უმუშევრის“ განმარტება გაქრა საკანონმდებლო სფეროდან და ეს ყველაფერი მოხდა იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენი კონსტიტუცია (32 მუხლი) მოქალაქეებს უმუშევრობის პერიოდში, შრომით მოწყობასა და დახმარებას ჰპირდება.

ტერმინი „უმუშევარი“ შეიცვალა ბუნდოვანი ტერმინით „სამუშაოს მაძიებელი“, ხოლო უმუშევრობის პერიოდში მატერიალური დახმარება – სოციალურად დაუცველის სტატუსმა ჩაანაცვლა, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ მაშინ მიიღოს მოქალაქემ და მისი ოჯახის წევრებმა, როცა ისინი საბოლოოდ გაღატაკდებიან და სოციალურად უკიდურეს ფსკერზე აღმოჩნდებიან.

თავად ტერმინმა „სოციალურად დაუცველი“, უფრო სწორად კი მისმა დანერგვამ ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოება ორ ბანაკად გაყო. შეიქმნა ე.წ. „სოციალური გეტო“. ადამიანები, რომლებიც სოციალური საზღვრის ამ მხარეს ცხოვრობენ, სხვა ღირებულებები და მოთხოვნილებები უჩნდებათ. მაგალითისთვის: სამუშაოს ძებნის სურვილის საერთოდ გაქრობა და მისი არ ქონა. მეტიც, ისინი უარს აცხადებენ სამსახურზე, რადგან ასეთ შემთხვევაში სოციალურად დაუცველის სტატუსს კარგავენ და მასთან ერთად მატერიალურ დახმარებასაც.

სააკაშვილის ბოროტი გენიის მატარებელ რეჟიმს სათანადო უნდა მივაგოთ, რადგან ძალიან ძნელია იპოვო სადმე ისეთი მორჩილი მონების არმია, ვიდრე გაღატაკებულ- გაუბედურებული და დამშეული ადამიანები არიან.

ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 2011 წლიდან. ორგანიზაციის მოღვაწეობის შედეგი გახდა ის, რომ უმუშევართა სოციალურად დაცვის შესახებ მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც ინიცირებული იქნა 2012 წლის მარტის თვეში პარლამენტარ დ. ლორთქიფანიძის მიერ და „დაჩეხილი“ მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) მიერ. ასევე შემუშავებული იქნა საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის შესახებ. ჩვენმა ორგანიზაციამ ამ წლების განმავლობაში არაერთი საქველმოქმედო აქციის მოწყობა მოახერხა. მაგალითისთვის, ლიბანის ქუჩაზე მცხოვრებ 16 ოჯახისთვის,  „შემწეობის კალათის“ ორგანიზება, დახმარება იმ ოჯახებს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები იზრდებიან, უფასო სასადილოს ორგანიზება და ა.შ. ჩვენ ასევე ვატარებდით 2013 და 2014 წლის არჩევნების მონიტორინგს. ბოლო მუნიციპალურ არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით ჩვენს ორგანიზაციას 903 დამკვირვებელი წარმოადგენდა.

უმუშევრობის შედეგია ის, რომ ქვეყანაში უსახლკაროთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება. შემოსავლის არ მქონე ადამიანები ყიდდნენ ან იპოთეკით ტვირთავდნენ საცხოვრებელ ბინებს, იმ ერთადერთ ღირებულ ქონებას რაც გააჩნდათ და თავშესაფრის გარეშე რჩებოდნენ.  ამის მიზეზი კი სხვადასხვაგვარი იყო. ახლობელი ადამიანის მკურნალობისთვის თანხების მოძიება, თაღლითური სქემები, რომლებშიც მოტყუებით გაებნენ და ა.შ.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ყურადღება ამ პრობლემამ მიიპყრო. 2015 წელს დაიწყო პროექტი სახელწოდებით „სახით უსახლკაროებისკენ“, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას „როზა ლუქსემბურგის ფონდი“ უწევს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა უსახლკაროთა მონაცემთა ბაზა თბილისის მასშტაბით და საკანონმდებლო ინიციატივა „უსახლკაროთა შესახებ“. ჩვენი მიზანია, რომ  ამ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში მოხდეს. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები. ამჟამად დაიწყო ჩვენი პროექტის მეორე ნაწილი სახელად „სოციალური მხარდაჭერა უსახლკაროებს“.

 

თამარ იოვაშვილი  2016 წ. მარტი