„გვიმტკიცებდნენ, რომ უსახლკაროთა პრობლემა არ არის მასშტაბური!“-აქცია პარლამენტთან

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „უმუშევართა კავშირი – დასაქმებისთვის“ და „თავისუფალი თაობა“ თბილისსა და ქუთაისში რიგით მესამე საპროტესტო აქცია გამართეს. მოთხოვნა უცვლელია-„მოგვეცით კანონი უსახლკაროთა შესახებ“.
-თბილისის აქციის პარალელურად აქცია იმართება ქუთაისშიც, სადაც ქუთაისის, ფოთის და ბათუმის იპოთეკით დაზარალებული მაცხოვრებლები იკრიბებიან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც იპოთეკის გამო დაკარგეს ბინები. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ „ქართულ ოცნებას“ , რომ მათი წინასაარჩევნო დაპირება ამ ხალხის პრობლემების დარეგულირება, შეღავათების დაკანონება იყო, მაგრამ დაპირება არ შესრულდა და ეს ადამიანები დღეს უკვე სავალალო მდგომარეობაში არიან. არ არსებობს მთავრობის მხრიდან კეთილი ნება, ამიტომ ჩვენ იქამდე არ გავჩერდებით, სანამ არ გამოვაფხიზლებთ და ყოველ ხუთშაბათს გავმართავთ აქციებს“-განაცხადა „უმუშევართა კავშირი – დასაქმებისთვის“ ხელმძღვანელმა თამარ იოვაშვილმა.
„თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი კი ამბობს, რომ მათ მომზადებული კანონპროექტი “უსახლკაროთა სტატუსის განსაზღვრისა და მათი სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” უკვე წელიწადზე მეტია პარლამენტშია, მაგრამ არაერთი დაპირების მიუხედავად, არც ერთ ფრაქციას და კომიტეტს არ განუხილავს. “ჩვენ ასევე მივმართეთ ფინანსთა, ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს, რომელთაგანაც აბსოლუტურად არაადეკვატური პასუხები მივიღეთ, სადაც გვიმტკიცებდნენ, რომ ჩვენი კანონპროექტი არ არის საჭირო ქვეყანაში, რადგან პრობლემა არ არის მასშტაბური”- აცხადებს სადღობელაშვილი.