აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან

უსახლკარო ადამიანთა მხარდამჭერი აქციები ერთადერთი ლოზუნგით – „ვითხოვთ კანონს უსახლკაროთა შესახებ“ გრძელდება. 16 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ და „თავისუფალი თაობის“ მიერ ორგანიზებული მორიგი აქცია გაიმართა. აქციაზე დამსწრე პროექტის ბენეფიციარებს და უსახლკარო ადამიანებს მიეწოდათ ინფორმაცია კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებული გაწეული სამუშაოების და საპარლამენტო ფრაქცია „ეროვნული ფორუმთან“ მომავალი შეხვედრის შესახებ, რომელმაც 17 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კანონპროექტის განსახილველად მიიწვია. ასევე გაკეთებული იქნა განცხადება, რომ მომავალ კვირაში შედგება შეხვედრა ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ წარმომადგენლებთან.  თ. იოვაშვილმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ხსენებული ორი ფრაქციის გარდა, არსებული 13 საპარელამენტო ფრაქციიდან, არავის არ გამოუხატია სათანადო ინტერესი უსახლკაროთა პრობლემებისადმი. ლ. სადღობელაშვილმა შეახსენა დამსწრე საზოგადოებას ის გაცემული წინასაარჩევნო დაპირებები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სოციალური კუთხით გასცა და რომლებიც არ შესრულებულა. მანვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება და მომავალი კვირიდან დაიწყებენ შიმშილობის აქციას იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი არ გადადგამს არანაირ ნაბიჯებს „უსახლკაროთა შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეებს ასევე ჰქონდათ საშუალება დეპუტატებთან, „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელ გ. გაჩეჩილაძესთან და მმართველი გუნდის ფრაქციის წევრ ო. ნიშნიანიძესთან გასაუბრებისა და მათთვის დაესვათ კითხვები, თუ რა გამოხმაურება ჰქონდა და რა ბედი ეწია  ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ყველა ფრაქციითვის გაგზავნილ კანონპროექტს.

დეპუტატებმა შეკრებილ ადამიანებს პირობა მისცეს, რომ არსებულ სიტუაციაში გაერკვეოდნენ და ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აცნობებდნენ.

შემდგომ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, საპატრულო პოლიციის მცდელობის მიუხედავად აღეკვეთათ გზის სავალ ნაწილზე მათი გადაადგილება, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს და ქალაქ თბილისის საკრებულოს შენობისკენ გაემართნენ, სადაც საკრებულოს დეპუტატებს შეახსენეს, რომ უსახლკაროთა პრობლემები გადაჭრას მოითხოვენ. მსვლელობა გაგრძელდა მანიფესტაციის მთავარი მიზნის, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ, სადაც მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. აქციის ორგანიზატორებმა შეახსენეს მმართველ პარტიას ის სოციალური დაპირებები და რეფორმები, რაც დაფიქსირებული იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში და რომლებიც ოცნებადვე დარჩა ათასობით უსახლკარო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისათვის.

თ. იოვშვილმა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კ. კალაძის სახელზე დაწერილი წერილი ჩააბარა პარტიის ოფისის წარმომადგენლებს, რომელიც შეახსენებს მმართველ გუნდს და მოითხოვს მათგან, ამომრჩევლების წინაშე გაცემული დაპირებების შესრულებას.