თამარ იოვაშვილი: კანონპროექტი უსახლკაროების შესახებ, შეგნებულად არის გაჩერებული

გუშინ, პარლამენტში, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტში, უსახლკაროების შესახებ კანონპროექტის განხილვას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია _ „უსახლკაროთა კავშირი დასაქმებისთვის“  წარმომადგებლებიც.  კავშირის ხელმძღვანელმა _ თამარ იოვაშვილმა გვითხრა, რომ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და თვალნათლივ გამოჩნდა, რომ მთავრობას და „ქართულ ოცნებას“ არ სურთ უსახლკაროთა პრობლემის მოგვარება.

„ჩვენი საკითხი კომიტეტის სხდომაზე მეორე ნომრად გაიტანეს. კანონპროექტის განხილვა დაიწყო თუ არა, მივხვდი, რომ ამ საკითხზე დაგაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ და ჩვენთან შეხვედრა იყო ფორმალური ხასიათის. დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა კიდევაც, რომ კანონპროექტს სრულად მხარს არ დაუჭერდა. ამ კანონპროექტით ჩვენ ვითხოვთ უსახლკაროთათვის სტატუსის მინიჭებას. ასევე გვინდა, რომ შეიქმნას სააგენტო, ან დეპარტამენტი, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს, მაგრამ ხუნდაძემ გვითხრა, რომ ეს მოდის კანონთან წინააღმდეგობაში. თუ არ არის ასეთი სააგენტოს შექმნა კანონიერი, თავად არიან კანონმდებლები, გადახედონ და ამ პრობლემების მოსაგვარებლად შეიტანონ დამატებები და ცვლილებები. ასეთი სააგენტოს შექმნა იცით რატომ არის მნიშვნელოვანი, ვთქვათ განისაზღვრა სტატუსი, მერე  მოხდება უსახლკაროთა რეგისტრაცია და შეიქმნება განსაზღვრული ბაზა. არსებული კანონით უსახლკარო ოჯახებს თავშესაფრით სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, თუმცა არსადაა მინიშნებული,  რა ფორმით უნდა მოხდეს ეს. მუნიციპალიტეტები ზოგიერთ უსახლკარო ოჯახს ქირას უხდიან, მაგრამ ეს მათ პრობლემას სრულად ვერ აგვარებს. სააგენტო დაეხმარება სახელმწიფოს უსახლკაროთა ბაზის შექმნაში, რომელსაც წარუდგენს მუნიციპალიტეტებს, თავად კი მაკონტროლებლის ფუნქციას შეითავსებს.

უსახლკაროების პრობლემა სახელმწიფოში უნდა გახდეს ნომერ პირველი საკითხი. ევროპარლამენტის დეკლარაციაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ყველა ქვეყანამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა, მაგრამ რაც გუშინ კომიტეტის განხილვაზე მოხდა, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ოცნებას არ სურს აღნიშნული პრობლემის მოგვარება. ერთადერთი, რაშიც დაგვთანხმნენ არის ის, რომ უნდა განისაზღვროს სტატუსი. ისიც თქვეს, შევქმნით სამუშაო ჯგუფსო, მაგრამ როდის დადგება შედეგი, არავინ უწყის.

დრო არ ითმენს და პრობლემა სულ უფრო მწვავდება. პარლამენტი არ ჩქარობს აღნიშნული კანონის მიღებას, სამაგიეროდ ჩქარობს და ივლისში აპირებენ მიიღონ კანონი, რომელიც იძლევა საშუალებას მოხდეს ადამიანის ორგანოების გადანერგვა სხვა ადამიანზე. რა შეიძლება მოჰყვეს ამას, არავინ ფიქრობს! მხოლოდ მირიან  წიკლაურმა თქვა, რომ ამ კანონმა შესაძლოა გასაქანი მისცეს ორგანოებით ვაჭრობას და კორუფციასო. რესპუბლიკური პარტია მუშაობს ამ საკითხზე აქტიურად და ხუნდაძეც მხარს უჭერს. კანონპროექტი  უსახლკაროების შესახებ, შეგნებულად არის გაჩერებული.

ასე, რომ გუშინ, განხილვაზე, ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონს მხარი არ დაუჭირეს. სხდომას ესწრებოდა ვინმე თამარ ჩიბურდანიძე. როგორც თავად განაცხადა, ის ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს. ძალიან კარგი თუ ეხმარება, მაგრამ ამ ქალბატონმა ისეთი რაღაც თქვა, არა მგონია, გაჭირვებული ოჯახები საერთოდ ჰყავდეს ნანახი. მისი თქმით, უნდა განისაზღვროს სტატუსი, მაგრამ ასევე უნდა მოხდეს  მითითება იმ  მიზეზის, რის გამო ოჯახმა ბინა დაკარგაო. ვთქვათ აღმოჩნდა, რომ მშობლის მიზეზით მოხდა ბინის დაკარგვა, შვილმა რა დააშავა ქუჩაში რომ დარჩეს? როგორ შეიძლება, ასე მსჯელობდეს კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი და მრავალშვილიანი ოჯახების „პატრონი“?

კანონპროექტის განხილვას ასევე ესწრებოდა ქობულეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ქალბატონი ფატი ხალვაში, რომელმაც თქვა, რომ გადაამოწმეს რამდენიმე უსახლკარო ოჯახი და ერთ-ერთი აღმოჩნდა თაღლითი, რადგან სოფელში აქვს სახლი, მეორე ოჯახმა კი გადაუფორმა სახლი ნათესავს, რათა დახმარება მიეღოო. ლადო სადღობელაშვილმა ვეღარ მოითმინა და ჰკითხა, რამდენიმე მაგალითის მოყვანით, რატომ აყენებთ ათი ათასობით უსახლკარო ოჯახს შეურაცხყოფას, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოსახლებულია 19 ათასი ოჯახი და 86 ათასი _ ელოდება გამოსახლებასო?

მინდა ყველას გასაგონად  ვთქვა, ჩვენ არ გავჩერდებით. აუცილებლად  გავაგრძელებთ აქციებს, მივწერთ წერილებს პარლამენტის თავმჯდომარეს, ისევ მოვითხოვთ კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრას და კანონპროექტის შემდგომ განხილვას,“ _ განაცხადა იოვაშვილმა.