10 თებერვლის აქცია

არასამთავრობო ორგანიზაციამ „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ მორიგი აქცია თბილისის საკრებულოს შენობასთან გამართა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა იყო, რომ საკრებულომ აიძულოს დედაქალაქის მერია, შეასრულოს 2015 წლის N7/56204 დადგენილება უსახლკაროთა რეგისტრაცია, აღრიცხვის და მათთვის საცხოვრებელ-თავშესაფარით უზრუნველყოფის შესახებ თბილისის მასშტაბით.

უსახლკარო ადამიანებმა რეგისტრაცია ჯერ კიდევ გასულ წელს გაიარეს. მერიის სოციალურმა სამსახურმა გ. ჩივიაშვილის ხელმძღვანელობით, აიღო ვალდებულება, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელიც 3 თვის განმავლობაში განცხადებებს განიხილავდა და გამოიტანდა გადაწყვეტილებას. თუმცა, მერიიდან დღემდე არ ისმის პასუხები, ათასობით უსახლკარო მოქალაქის მიერ შეტანილ განცხადებებთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეებმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გ. ალიბეგაშვილის სახელზე განცხადება შეიტანეს, რომლის თანახმადაც ითხოვენ: გაერკვეს საკრებულო, თუ რატომაა მერია უმოქმედო ამ საკითხთან მიმართებაში და აიძულოს მერიის სოციალური სამსახური დააჩქაროს უსახლკარო მოქალაქეების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების შესრულება  და შემდგომ  მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

საპროტესტო გამოსვლაზე ასევე დაანონსდა მორიგი აქციის გამართვის თარიღი – 20 თებერვალი. ამ დღეს შედგება მსვლელობა სახელწოდებით – „ღირსების მარში“, რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტის შენობამდე.