პროექტის – „სოციალური დახმარება უსახლკაროებს“ ანგარიში

2016 წლის 29 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“, როზა ლუქსემბურგის ფონდთან თანამშრომლობისა და სოციალური პროექტის „სოციალური დახმარება უსახლკაროებს“ მიზნობრივი დაფინანსების შესახებ,  ხელშეკრულება გააფორმა. პროექტის ფარგლებში გთვალისწინებული იყო უსახლკაროთათვის საკონსულტაციო ცენტრის შექმნა, „უსახლკაროთა შესახებ“ კანონპროექტის პოპულარიზაცია, მისი შემდგომი მიღებისა და მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ქმედებათა მონიტორინგი, უსახლკაროთა პრობლემის გადასაწყვეტად.

ამუშავდა პროექტის „ცხელი ხაზი“ 2476552.  საკონსულტაციო ცენტრის გახსნის გაშუქებისა და საჯაროობისათვის, შეიქმნა სარეკლამო რგოლი, რომელიც სოციალური რეკლამის ფარგლებში, განთავსებული იქნა საქართველოს წამყვან ტელეკომპანიებში.

პროექტის „სოციალური დახმარება უსახლკაროებს“ პრეზენტაცია, 31 მარტს ბიზნეს-ცენტრ  „ქარვასლას“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ მოწვევით, პრეზენტაციას 50-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის გ. ზუმბაძე – ქ. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ნ. შალვაშვილი – ჯანდაცვის, შრომის და სოციალური დახმარების  სამინისტროს სოციალური დახმარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ი. ციმინტია – პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი, ქ. ამირეჯიბი – სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური მდივანი, მ. ბაბუნაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „იურიდიული მხარდაჭერის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ლ. სადღობელაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელი, ჩვენი უკრაინელი სტუმრები – უფლებადამცველები პ. ლისიანსკი, ი. პასიკუნი და ვ. იასტრებოვა, ჟურნალისტები, ასევე პრობლემის გადაწყვეტით დაინტერესებული უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დიდი ინტერესი გამოიწვია გ. ზუმბაძის გამოსვლამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ ქ. თბილისის საკრებულო უსახლკარო ადამიანთა პრობლემებით კიდევ უფრო დაინტერესებას გეგმავს და შესაბამის სამინისტროებთან რიგი კონსულტაციები ამ საკითხის ირგვლივ უკვე გამართა. მისივე განცხადებით,  სამომავლოდ ამ მიმართულებით მუშაობაში, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართვასაც აპირებს.

ჩვენი ორგანიზაციის აქტიური პოზიცია და უსახლკაროთა პრობლემების გადაწყვეტისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა და ფართო საინფორმაციო გაშუქებამ,  ნაყოფი უკვე გამოიღო.  გაუქმებული იქნა იმ ადამიანთა საპოლიციო ძალით გამოსახლება, რომელთაც ბანკებისადმი საკრედიტო დავალიანებები დაუგროვდათ. ამ მომენტისთვის ეს საკითხი სასამართლოს გზით წყდება, რას წინგადადგმული ნაბიჯია.

გ. ზუმბძემ აღნიშნა, რომ ჩვენს აქტივობას უკვალოდ არ ჩაუვლია და სახალხო დამცველმაც თავის ანგარიშში, პუნქტი სათაურით – „სპეციალური ანგარიში საცხოვრებლის უფლებაზე“ ჩართო

12 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ წარმომადგენელთა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დ. ხუნდაძის შეხვედრა გაიმართა. მისი მსვლელობისას კომიტეტს, „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ იურიდიული ჯგუფის მიერ შემუშავებული  კანონპროექტი „უსახლკაროთა შესახებ“ და მისი იურიდიული განმარტებითი ბარათი განსახილველად წარედგინა.

პროექტის ხელმძღვანელმა თ. იოვაშვილმა დამსწრეთ, ჩვენი ორგანიზაციის მიერ პროექტის „სახით უსახლკაროებისკენ“ ფარგლებში გაწეული სამუშაოს და  ქ. თბილისის მასშტაბით უსახლკაროთა მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში უსახლკაროთა რეალური რაოდენობა გაცილებით აღემატება წარმოდგენილ ციფრებს და განაცხადა, რომ საჭიროა  კანონის მიღება და იურისდპრუდენციაში მცნების „უსახლკაროს“ შემოღება. ასევე აუცილებელია სოციალური საცხოვრებლების აშენება და არსებული სოციალური დახმარების სააგენტოს ბაზაზე, უსახლკაროთა საქმეების  დეპარტამენტის შექმნა.

შეხვედრის მსვლელობისას მიღწეული იქნა ურთიერთგაგება ამ სფეროში გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის შესახებ. ჩამოყალიბდა სამუშაო კონტაქტები საპარლამენტო კომიტეტთან და მიღწეულ იქნა შეთანხმება, ჩვენი კანონპროექტის შესახებ დასკვნის მიღების თაობაზე.

19 აპრილს ორგანიზაციის ბრიფინგი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თ. იოვაშვილმა და ორგანიზაციის იურისტ-კონსულტანტმა ლ. სტურუამ მიიღეს.  მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია არ გააჩნიათ, არ აქვთ უფლება არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის და საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის უხეში დარღვევაა და ზღუდავს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განაცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება ამ საკითხის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანონ.

18 მაისს საინფორმაციო პორტალ „კვირას“ კონფერენცდარბაზში დიდი ბრიფინგი შედგა, რომელშიც მონაწილეობა თ. იოვაშვილმა და დ. ხვადაგიანმა მიიღეს, რომელთაც ქვეყანაში უსახლკაროთა უდიდესი რაოდენობის, ამ მხრივ შექმნილ სავალალო მდგომარეობაზე და ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე  ისაუბრეს. ასევე დაანონსებული იქნა უსახლკაროთა მხარდასაჭერი აქციის შესახებ, რომელიც პარლამენტის შენობასთან იყო დაგეგმილი, რათა მმართველი პარტიისთვის წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები შეეხსენებინათ.

19 მაისს საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც „უსახლკაროთა შესახებ“ კანონის მიღებას მოთხოვდნენ. აქციამ დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია და საქართველოს ყველა წამყვანი ტელევიზიების  საინფორმაცია გამოშვებებმა გააშუქეს. ასამართავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის  სახელზე წერილი და ორგანიზაციის იურისტების მიერ შემუშავებული კანონპროექტი შეიტანეს. „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ ხელმძღვანელმა თამარ იოვაშვილმა განაცხადა, რომ ამგვარი წერილები პარლამენტის ყველა ფრაქციებს და კომიტეტებს გაეგზავნათ. თუმცა, პასუხი არც ერთი მათგანისგან არ იქნა მიღებული. აქედან გამომდინარე, თუკი ხელისუფლება არ მოახდენს სათანადო რეაგირებას აქციის მონაწილეთა მოთხოვნაზე, ისინი მზად არიან ყოველ ხუთშაბათს  შეიკრიბონ საპროტესტო აქციებზე.

საქართველოს პარლამენტთან უსახლკაროთა მხარდასაჭერი აქციების მომზადებისა და ორგანიზების პროცესში, „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, პროექტის ბენეფიციარებისთვის დაბეჭდილიყო უსახლკაროთა დამადასტურებელი სერტიფიკატები, შემდგომში მათთვის გადაცემის მიზნით. დადებულ იქნა ხელშეკრულება ინდმეწარმე ზაზა ჩიგიტაშვილთან, სერტიფიკატების მაკეტის დასამზადებლად და 1000 ეგზემპლარის დასაბეჭდად.  ბენიფიციარებს ხსენებული სერტიფიკატები 19 მაისის აქციაზე დაურიგდათ.

ხუთშაბათს, 2 ივნისს, 12 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან არასამთავრობო ორგამნიზაციამ „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ და „თავისუფალმა თაობამ“ აქცია გამართეს ლოზუნგით – „პარლამენტარებო გაიღვიძეთ!“.

აქციის მიზანი, ამ კატეგორიაში შემავალი ადამიანების პრობლემებისადმი  ქვეყნის ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა და კანონის „უსახლკაროთა შესახებ“ მიღება იყო, რომელიც ორგანიზაციის მიერ იქნა შემუშავებული და რაც პრობლემის მოგვარების გზაზე, პირველ ნაბიჯს წარმოადგენდა. კანონპროექტი პარლამენტის 13-ვე ფრაქციას, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს გადაეგზავნათ. თუმცა, პასუხი არც ერთი მათგანისგან მიღებული არ იქნა, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის სურვილი არც მმართველ პარტიას და არც ოპოზიციას არ გააჩნიათ.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ჩვენ იძულებულები ვიყავით ქუჩის საპროტესტო აქციებისთვის მიგვემართა, რათა გვეიძულებინა პარლამენტარები უსახლკარობის მზარდი პრობლემებისადმი ყურადღება მიექციათ  და ბოლოს და ბოლოს მისი გადაჭრის გზები მოეძიათ.

9 ივნისს მორიგი საპროტესტო აქცია შედგა, რომლის პარალელურადაც ანალოგიური გამოსვლები ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართა.  მოთხოვნები არ შეცვლილა: „მიიღეთ კანონი უსახლკაროთა შესახებ“. აქციაზე მოსმენილი იქნა ფინანსთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და ქ. თბილისის მერიის პასუხები, რომელთაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული „უსახლკაროთა შესახებ“ კანონპროექტი გადაუგზავნა, რათა მათ წინასწარი შეფასებები გაეკეთებინათ. მთლიანობაში ზემოხსენებული სამინისტროების და უწყებების შეფასება უარყოფითი გამოდგა. ჩინოვნიკები ამას საბიუჯეტო სახსრების უკმარისობით ამართლებდნენ და კანონის მიღების საჭიროებას ვერ ხედავდნენ, რასაც უსახლკაროთა მცირე რაოდენობით არსებობის მიზეზით ხსნიდნენ.

აქცია სახელმწიფო კანცელარიისკენ მსვლელობით გაგრძელდა, სადაც მისმა მონაწილეებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გ. კვირიკაშვილს მიმართეს მოთხოვნით, ქვეყანაში უსახლკაროთა კატასტროფული მდგომარეობისათვის ყურადღება მიექცია. ხელუფლება კი ამ დროს, წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, საბიუჯეტო თანხების უაზრო ხარჯვით და ჩინოვნიკებისთვის ხელფას-დანამატების ზრდით იყო დაკავებული, რომელმაც მხოლოდ 2015 წელს 300 მილიონი ლარი შეადგინა.

9 ივნისს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის მოწვევით, თ.იოვაშვილმა და დ.ხვადაგიანმა გადაცემა „არგუმენტების დროს“ პირდაპირ ეთერში მიიღეს მონაწილეობა, რომლის მსვლელობის დროსაც, მაყურებელს საქართველოში უსახლკაროთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე „უმუშევართა კავშირის“ მიერ გამართული აქციების თაობაზე ისაუბრეს, რომლებიც ორგანიზაციის მიერ უსახლკარო ადამიანთა მხარდასაჭერად და  კანონის „უსახლკაროთა შესახებ“ მიღების მიზნით იმართება, რამაც უსახლკარო ადამიანებისთვის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის  მინიმალური პირობები უნდა შექმნას და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია მოახდინოს.

2016 წლის 23 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის კომიტეტის მოწვევით, რომელსაც დ.ხუნდაძე ხელმძღვანელობს, არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევრთა კავშირი დასაქმებისათვის“ და „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებმა, საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ორგანიზაციის იურისტების ჯგუფმა შემუშავა. დებატების მსვლელობისას, პარლამენტის კომიტეტის წევრების მხრიდან კანონპროექტის პირველად ვარიანტში, რამოდენიმე წინადადების შეტანა იქნა შემოთავაზებული. კერძოდ, კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია, უსახლკაროთა რეგისტრაციისთვის ახალი იურიდიული პირის შექმნის საჭიროება და შემოთავაზებული იქნა, რომ ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაში დარჩენილიყო, იმის გთვალისწინებით, რომ არაერთი მუნიციპალიტეტი ისედაც აწარმოებდა უსახლკაროთა აღრიცხვას რაიონებში საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციის მიხედვით, მათთვის ბინის ქირის გადახდის მიზნით. კომიტეტის წევრები დაეთანხმნნენ იმ პოზიციას, რომ ქართულ საკანონმდებლო სივრცეში უსახლკაროთა სტატუსის არ არსებობა, ერთგვარი ვაკუუმია და ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი, ამ დეფინიციის შემოღებას, რაც პირველი გადადგმული ნაბიჯი იქნება, შემდგომში უსახლკაროთა უფლებების დაცვის და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება  პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც უსახლკაროთა შეახებ კანონის მომზადებით დაკავდება, რომლის შემუშავების პროცესში ზემოხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებოდნენ.

7 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციათა მორიგი აქცია გაიმართა, რომლებიც უსახლკარო ადამიანთა უფლებებს იცავენ. აქცია პარლამენტიდან სახელმწიფო კანცელარიისკენ მსვლელობით გაგრძელდა, სადაც მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს  და სკანდირებდნენ: „გამოდი“. კანცელარიის შესასვლელთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელმაც შენობაში შესასვლელის ბლოკირება მოახდინა. აქციის რამდენიმე მონაწილემ მოახერხა კანცელარიის საშვთა ბიუროში შეღწევა, დასხდნენ იატაკზე და მჯდომარე პროტესტი გამოაცხადეს, რომლის მოთხოვნაც შეხვედრის ორგანიზება იყო. 2 საათის შემდეგ, არასამთავრობოთა საინიციატივო ჯგუფსა და  ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძეს შორის შეხვედრა შედგა, რომლის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებმა მას მოთხოვნები გააცნეს – მიღებული ყოფილიყო კანონი „უსახლკაროთა შესახებ“ და შექმნილიყო ახალი იურიდიული პირი, რომელიც ამ კატეგორიაში შემავალი ადამიანების საკითხებით დაკავდებოდა. არასამთავრობოების წარმომადგენლები დაეთანხმნენ  ნ.მიქელაძის წინადადებას, გამართულიყო შეხვედრა ახალ ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის წარმომადგენლებიც მიიღებდნენ.

15 ივლისს პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში, სამუშაო ფორმატში  ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციისა და დაინტერესებული სამინისტროების წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომლის ჩატარების შესახებაც შეთანხმება 7 ივლისის აქციის შემდეგ მოხდა.  შეხვედრას ესწრებოდნენ ნათია მიქელაძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე – ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თათია გვარამაძე – ჯანმრთელობის სამინისტროს საპენსიო და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარლო ლაფერაძე – თბილისის მერიის სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი და თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სამსახურის წარმომადგენელი. შეხვედრის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციის  წარმოადგენელმა დამსწრეებს კანონპროექტი წარუდგინა, ისაუბრა პარლამენტის ჯანდაცვის, შრომის და სოცალურ საკითხთა კომიტეტთან უსახლკაროთა შესახებ სტატუსის მიღების თაობაზე მიღწეული შეთანხმების შესახებ. ასევე მოახდინა მათი ინფორმირება ახალი იურიდიული პირის შექმნის აუცილებლობის თაობაზე, რომელიც უსახლკაროთა საქმეებით იქნება დაკავებული. დისკუსიის მიმდინარეობისას, თბილისის მერიის წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ უსახლკაროთა რაოდენობა იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს არასამთავრობო ორგანიზაციამ დაასახელა და არ აღემატება 250 ოჯახს, წარედგინა თბილისის რაიონული მუნიციპალიტეტების მონაცემები, რომელთა თანახმადაც 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით, 1096 ოჯახს საცხოვრებლის არ ქონის მიზეზით, ბინის ქირას უხდიან. მთლიანობაში, შეხვედრის მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ წინადადებათა პაკეტს დაეთანხმნენ და მიღებული იქნა გადაწყვეტილება დაწყებულიყო ჯანდაცვის, შრომის და სოციალური დაცვის სამნინისტროში  ახალი დეპარტამენტის შექმნისკენ მიმართული რეკომენდაციების და რეგულაციების შემუშავება. გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, ახალი სტრუქტურა მონაცემებს უსახლკაროთა შესახებ რაიონული მუნიციპალიტეტებისგან მიიღებს, რომელთაც ამ კატეგორიაში შემავალი ადამიანების რეგისტრაციის ფუნქცია დაეკისრებოდათ. ასევე სრული ინფორმაციის მიღება იმ ადამიანების რაოდენობაზე, რომლებიც საცხოვრებელის გარეშე დარჩნენ.  ორშაბათიდან, 18 ივლისიდან თბილისის მერიამ უსახლკაროთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ გააცხადა, რაც ჩვენი პროექტის ბენეფიციარებს მაშინვე ეცნობათ.

პროექტის „სოციალური მხარდაჭერა უსახლკაროებს“ დასკვნითი ნაწილი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ ახორციელებდა, ბიზნეს-ცენტრ „ქარვასლას“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, სადაც ორგანიზაციის მოწვევით უამრავი სტუმარი შეიკრიბა. მათ შორის სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და პროექტის ბენეფიციარები-უსახლკარო ადამიანები. შეხვედრამ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. დამსწრეებმა ინტერესით მოუსმინეს არასამთავრობოთა წარმომადგენლების თ.იოვაშვილი, დ.ხვადაგიანის და ლ. სადღობელაშვილის  საანგარიშო მოხსენებები, რომელთაც შეაჯამეს გაწეული სამუშაოები და პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაფასეს.  მიუხედავად ბენეფიციარებთან ერთად ჩატარებული 8 საპროტესტო აქციისა, საინფორმაციო საშუალებებთან გაწეული უდიდესი სამუშაოსი, რომელიც მიმართული იყო პროექტის გაშუქებისა და პოპულარიზაციისკენ, საპარლამენტო ფრაქციებთან, კომიტეტებთან, პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში და ასევე თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ჩატარებული უამრავი შეხვედრებისა, დაპირებები, რომლებიც გაცემული იქნა ჩინოვნიკების მიერ, შესრულებული არ იქნა. სტატუსი „უსახლკაროთა შეასახებ“, რომელიც პარლამენტს არჩევნებამდე უნდა მიეღო, ჯერჯერობით კვლავაც რჩება აათასობით უსახლკარო ოჯახების უხდენელ ოცნებად, ხოლო ასევე დაპირებული  „უსახლკაროთა საქმეების“ დეპარტამენტი ჯანდაცვის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროში, ნახსენებიც კი არ არის ამ უწყების განვითარების და სამომავლო გეგმების სტრატეგიულ დოკუმენტში.

პროექტის სამუშაოს პერიოდის მთელი 6 თვის განმავლობაში, უნდა აღინიშნოს საკონსულტაციო ცენტრის მუშაობის მნიშვნელობა, რომელმაც ბენეფიციარებს არაერთი პრობლემის გადაჭრაში დახმარება გაუწია, რომელთაც უსახლკარო ადამიანები ხშირად ხვდებიან. ცენტრი არაერთ მოქალაქეს დაეხმარა იურიდიულ საკითხებში, განუმარტა მათ არსებული ვითარება ამ კუთხით და არსებული კანონები. ორგანიზაციის იურისტების მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, მრავალი შუამდგომლობა დაწერეს, რათა უსახლკარო და სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს, უკანონოდ ჩამორთმეული „სოციალურად დაუცველის“ სტატუსი აღდგენოდათ და ხშირ შემთხვევებში სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩარევის შემდეგ, მათ ეს სტატუსი და შეღავათები აღუდგათ კიდეც.

შეიძლება ითქვას, რომ საკონსულტაციო ცენტრის მუშაობის დაწყების შესახებ გაკეთებული ანონსის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტებს პრაქტიკულად შეუსვენებლივ მოუწიათ მუშაობა უსახლკაროთა და სოციალურად დაუცველთა უფლებების დასაცავად, რითაც ჩვენი ბენეფიციარებისგან სამადლობელი სიტყვები არაეთხელ დაიმსახურეს. ამგვარი საკონსულტაციო ცენტრის მუშაობის სჭიროება სრულიად აშკარაა, რადგან უსახლკარო და სოციალურად დაუცველ ადამიანებს არა აქვთ საშუალება მიიღონ უფასო იურიდიული კონსულტაცია და დახმარება, რადგან ამგვარი იურიდიული დახმარების ცენტრი საქრთველოში არ არსებობს.