“მოსაზრებები საკონსტიტუციო კანონპროექტის შესახებ”: დავით ჩიხლაძე, “სამოქალაქო უფლებათა დაცვის ასოციაცია”

I ნაწილი
კონსტიტუციის კანონპროექტის მე-5-ე მუხლი,
1-ლი ნაწილი: „საქართველო არის სოციალური სახელმწიფო.“
მე-4-ე ნაწილი: „სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.“
ამგვარ ჩანაწერზე გვახსენდება ცნობილი ქართული ანდაზა – ფიცი მწამს, და ბოლო მაკვირვებს. რატომ? იმიტომ რომ, სოციალური სახელმწიფოს მცნება თავის თავში უნდა მოიცავდეს სოციალურ გარანტიებს, რომლებიც სახელმწიფო ვალდებულებებიდან გამომდინარეობენ. კანონპროექტის ტექსტში კი ვერსად ვერ ვკითხულობთ შემდეგი შინაარსის მქონე სიტყვებს: „სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს…“. სიტყვა „ზრუნავს“ – განგრძობადი შინაარსის მქონე ტერმინია და თავის თავში არ მოიცავს რაიმე კონკრეტულ ვადას. ნებისმიერ სოციალურ პრეტენზიაზე საქართველოს მოქალაქის მხრიდან, სახელმწიფოს ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია გასცეს შემდეგი შინაარსის მქონე პასუხი: „მე ვზრუნავ ამ საკითხზე, მაგრამ მე არ მაკისრია ვალდებულება კონკრეტულ ვადებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე მე შემიძლია გავაგრძელო ზრუნვა ქრისტეს მეორედ მოვლენამდე“.
ნაცვლად ამისა, ხსენებულ მუხლში უნდა ეწეროს: „სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა, საარსებო მინიმუმი და ღირსეული საცხოვრებლი – ევროპის სოციალური ქარტიით დადგენილი პრინციპების უმკაცრესი დაცვით.საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შემდეგი კატეგორიის საქართველოს მოქალაქეები: უმუშევრები, შშმ პირები, მარტოხელა პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები, უსახლკაროები. რეალური საარსებო მინიმუმის გაანგარიშების და ინდექსაციის წესი, ასევე ზემოთხსენებულ პირებზე შესაბამისი სტატუსის მინიჭების და გაუქმების წესი განისაზღვრება ორგანული კანონით „საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვის შესახებ“.“
კონსტიტუციის კანონპროექტის მე-26-ე მუხლი,
1-ლი ნაწილი: „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება.შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.“
და ისევ არანაირი გარანტიები – მხოლოდ მშრალი და ქმედითი შინაარსისგან დაცლილი დეკლარაციული ნორმა, რომელიც დაპირებას უფრო ჰგავს, ვიდრე სოციალურ გარანტიას. ორგანული კანონით არ არის დაცული არც შრომითი უსაფრთხოების უფლების რეალიზაციის გარანტია, არც ღირსეული ანაზღაურების და ა.შ.
ჩვენი აზრით, ეს ნორმა უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება.შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით, რომელიც სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისო შრომითი საკონვენციო სამართლით დადგენილ შრომით უფლებებთან და მოვალეობებთან.“

18578522_10208844164888597_506130609_n