თამარ იოვაშვილი: უსახლკარო ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეზღუდული აქვთ

,,გასულ წელს, ივლისის ბოლოს, ჩვენ შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. 19 ივნისs დაინიშნა პროცესი. ამ პროცესს ჩვენ ველოდით 11 თვე! მე ვარ მასარჩელე პიროვნების, უსახლკარო ადამიანის წარმომადგენელი პროცესზე. დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონი. საქართველოს მოქალაქის აქტიური საარჩევნო უფლება გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით.
თუ პირს „…რეგისტრაციის მისამართი არ გააჩნია…“ იგი ვერ მოხვდება ერთიან საარჩევნო სიაში, რაც წარმოადგენს ამ მდგომარეობაში მყოფი პირების აქტიური საარჩევნო უფლების შეზღუდვის საფუძველს.
აბსოლიტურად გაუგებარი და მიუღებელია საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების შინაარსი, რომლის შესაბამისად, ერთიან საარჩევნო სიაში ამომრჩევლის შეყვანა, ბლანკეტური ფორმით, პირდაპირ უკავშირდება მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით რეგისტრაციას. მიგვაჩნია, რომ ამგვარი შეზღუდვა წინააღდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, ვინაიდან, იგი არ გამომდინარეობს კონსტიტუციის იგივე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საარჩევნო უფლების შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლებიდან.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოგზავნილი წერილში, ცსკო აღნიშნავს: „იმისათვის, რომ ასეთი კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა, საჭიროა, რომ აღნიშნული საკითხები დარეგულირდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“

მაშასადამე, ცენტრალური საარჩევნო კომისია აღიარებს, რომ ეს საკითხი არ არის დარეგულირებული „კანონმდებლობის
შესაბამისად“, რის გამოც, ამ კატეგორიის პირებს შეზღუდული აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს!” _ აცხადებს ,,უმუშევართა კავშირი”-ს თავმჯდომარე, თამარ იოვაშვილი.