ერთი დღე 21-ე საუკუნის „გეტოში“, ანუ რა ხდება ლილოში მდებარე ყოფილ ტაქსო-პარკში?

,,ის, რაც თბილისში, ლილოს დასახლებაში, კერძოდ, ყოფილი ტაქსო-პარკის ტერიტორიაზე (ნამორაძის N2) ხდება, ენით აღწერას ნაკლებად ექვემდებარება. იმ მდგომარეობაში, რომელშიც ათეულობით უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს, მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ, ყველაზე დამთრგუნველ ტელე-კადრებშიც ძნელად შეიძლება იხილოს ადამიანმა. სულაც არა საჭირო შორს წავიდეთ და უცხოეთს მივაპყროთ თვალი. ის სიდუხჭირე და ხელისუფალთა გულგრილი დამოკიდებულება, რომელიც მათ აქვთ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების, მოხუცების, ინვალიდების და სხვადასხვა სახის ოპერაციაგადატანილ, თუ მკურნალობის საჭიროების ქვეშ მყოფი ადამიანებისადმი, თვალნათლივ ჩანს და რბილად რომ ვთქვათ, შემზარავია” _ გვითხრა არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ წარმომადგენლებმა, რომელიც უსახლკარო და სოციალურად დაუცველ ადამიანთა უფლებებისთვის წლებია იბრძვიან. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ უშუალოდ იხილეს ის ვითარება, რაც ლილოს ტაქსო-პარკის ტერიტორიაზე სუფევს.  იქ მაცხოვრებლებთან გასაუბრებამ კი, სურათი კიდევ უფრო მძიმედ წარმოჩინა.

,,უზარმაზარ ტერიტორია, რომელიც სადღეისოდ მიტოვებული, ხოლო შენობები (ბოქსები, თუ ადმინისტრაციული) ჩამონგრეულია და ავარიულ მდგომარეობაშია იმ ადამიანთა თავშესაფარი გახდა, რომელთაც ელემენტარული გასათევიც კი არ გააჩნიათ. რამოდენიმე ოჯახთან კონტაქტმა, პრობლემათა მთელი სპექტრი გამოავლინა, რომელიც იქ მაცხოვრებლებს აწუხებთ.

უმთავრესი არის ის, რომ ყველა ოჯახს, ამ იავარქმნილი ე.წ. საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა, წლებია აქვს. ეკონომიკის სამინისტრო, ქონების მართვის სააგენტო, მერია და ადგილობრივი გამგეობა რაიმე საიმედოს ამ დრომდე არ ეუბნებათ და არც რაიმეს პირდებათ.

ასევე, საყოველთაო პრობლემაა ელექტროენერგიით მომარაგების საკითხი. „თელასის“ წარმომადგენლები ელექტროჯიხურიდან დენის შემოყვანას მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰპირდებიან, თუ თითოეული აბონენტი 1 მეტრ კაბელში 12 ლარს გადაიხდის. არადა, სულ მცირე 20 მეტრი მაინც  არის საჭირო ყველაზე ახლო მყოფი ოჯახისთვის, რათა ეს „სიამოვნება“ მიიღოს … ზოგიერთების შემთხვევაში კი 30-40  მეტრზე და მეტრზეც არის საუბარი. საერთოდ, გაუგებარია, როგორ და რა სახსრებით უნდა გადაიხადონ ადამიანებმა ეს თანხები, როცა მათი შემოსავლები მიზერულია და ძირითადად პენსიით, ან სოციალური დახმარებებით შემოიფარგლებიან ? არც მერია და არც ადგილობრივი გამგეობა არ იწუხებს თავს, რათა მაცხოვრებლებს რაიმე სახით დაეხმაროს და ეს პრობლემა, თუნდაც ნაწილობრივი დაფინანსებით მოუგვაროს.

ინდივიდუალური გასაუბრებით იმდენი რამ წარმოჩინდა, რომ ტომების დაწერა შეიძლება. სულ რამოდენიმე მაგალითის ხსნებაც კი საკმარისია ალბათ, რომ პრობლემათა ნუსხაზე წარმოდგენა შეგექმნათ.

მანანა ჭიღლაძეს, რომელიც ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს ტაქსო-პარკის ტერიტორიაზე, სოციალური დახმარება მოუხსნეს იმის გამო, რომ მისი ქალიშვილი მოსწავლედ იყო სტილისტთან მიბარებული, თუმცა კი ამაში თანხას არავინ უხდიდა. თავად ქალბატონ მანანას ზურგზე 4 ოპერაცია აქვს გადატანილი და შრომისუუნაროა. მას არც ინვალიდობის პენსია აქვს ამ დრომდე დანიშნული, სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო. ასევე აწუხებს ფართის დაკანონების და დენის გაყვანასთან დაკავშირებული პრობლემები.

ქალბატონ ნინო მამნიაშვილს, ისევე როგორც ყველა სხვა მაცხოვრებელს ფართის დაკანონების თემა აწუხებს. გარდა ამისა, ის ცხოვრობს ფეხმოტეხილ რძალთან ერთად, რომელიც დროებით შრომისუუნაროა. ოჯახის მწირი შემოსავალი ნორმალური ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის. ოჯახში ორი მცირეწლოვანი შვილიშვილიც (ქალ-ვაჟი) იზრდება. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ის, რომ 8 წლის ბიჭუნას, დავით მამნიაშვილს, რომელსაც ძიუდოში წარმატებები მრავლად აქვს და მოპოვებული მედლები და სიგელები ამაზე თვალნათლივ მეტყველებს, საზღვარგარეთ, საერთაშორისო ტურნირებზე მისი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მწვრთნელების მხრიდან დიდი მოწონებისა და სიმპათიების მიუხედავად, ნიჭიერი პატარის ძიუდოისტების შეჯიბრზე გასამგზავრებელი თანხები ოჯახს არ მოეძებნება” _ გვითხრა თამარ იოვაშვილმა.

კიდევ უფრო დამთრგუნველი სურათი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, როგორც გვითხრეს, შენობის (თუ მას ასეთი შეიძლება ეწოდოს) სხვა ფლიგელში დახვდათ, სადაც ერთი კედლის ფუნქციას ჩამოფარებული ფარდა ასრულებს და რამოდენიმე მარტოხელა დედა ცხოვრობს.

,, სოფიო გაბადაძე – მარტო ზრდის 5 შვილს. ზემოხსნებულ საერთო პრობლემთა გარდა, მას ბავშვებისთვის სასკოლო ნივთების ყიდვაც არ შეუძლია და ეს ძალიან აწუხებს.  გამგეობამ ერთხელ გაუწია მას ერთჯერადი დახმარება და მათი ყურდღება თუ დახმარება ამით ამოიწურა.

ნანა ლიჩელი, რომელიც 2 ბავშვის დედაა, ყოფითი, ანალოგიური მოუგვარებელი საკითხების წინაშე დგას. ამას ემატება ისიც, რომ შენობის წინ მდებარე გაშლილი ტერიტორია, რომელიც ჰექტრობით მიწას მოიცავს, მღრღნელების,  ქვეწარმავლების და მწერების ნამდვილი ბუდეა.  ბავშვები, ზაფხულის პერიოდში დაკბენილები და დაუცველები არიან. დეზინფექციის სამსახურმა უარი განაცხადა მათთვის დახმარების გაეწვაზე იმ მოტივით, რომ იქ გაშლილი სივრცეა და ვერ დაეხმარებიან.

კიდევ ერთი მარტოხელა დედა – მაკა კახიძე აქ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს და იდენტური პრობლემები მის წინაშეც, ჯერჯერობით გადაუჭრელად დგას.

ბატონი კარლო  შრომისუუნაროა ავადმყოფობის გამო და სოციალურად გაჭირვებულთა კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა, ის ერთადერთ, მინიმალურ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეც თანახმაა, რომ სახელმწიფომ მას ფართი დაუკანონოს.

ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა, ამ მიტოვებული შენობებისთვის ხლის შევლებისგან თავს იკავებენ, რადგან არ აქვთ იმის განცდა, რომ ხელისუფლება ამ ყოვლად გამოუსადეგარ და ინვესტორებისთვის აშკარად იუნტერესო ტერიტორიას, თუ შენობებს, მათ საკუთრებაში გადასცემს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ თავმჯდომარემ თამარ იოვაშვილმა შეაჯამა საკუთარი თვალით ნანახი და გულისწყვეტით ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებისადმი გამოჩენილ გულგრილობასა და დაუდევრობაზე. შეეხო სამინისტროების, მერიის თუ გამგეობების უყურადღებობასა და იმ ელემენტარული პრობლემების მოგვარების სურვილის არქონას, რაც ლილოს ტაქსო-პარკის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს აწუხებთ. ერთადერთი, ვინც ყურდღებას იჩენს  ამ ადამიანებისადმი და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურ თანადგომას უწევს, ეს ქალაქ თბილისის საკრებულოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძეა, რომელიც ამავდროულად საკრებულოში ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია. თუმცა, ერთი ადამიანის ძალისხმევა, თუნდაც ძალიან მონდომებულის, პრობლემების მოსაგვარებლად არასაკმარისია. მას თანადგომა ყველა უწყებამ და სტრუქტურამ უნდა გამოუცხადოს, ვისაც კი ეს ხელეწიფება.

მანამდე კი ლილოს-ტაქსოპარკს კვლვაც „გეტოს“ და პრაქტიკულად უუფლებო ადამიანების დროებითი თავშესაფარი ერქმევა” _ განაცხადა თამარ იოვაშვილმა.