,,ამომრჩეველმა უპირატესობა სწორედ დამოუკიდებლობას და არა პარტიულ დიქტატს უნდა მიანიჭოს”

,,ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, რომლებიც მართლაც ისწრაფვიან დემოკრატიისკენ, დამოუკიდებელი კანდიდატების ინსტიტუტს მიესალმებიან.

დამოუკიდებელი კანდიდატი ეს არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის გარეშე იყრის კენჭს საკანონმდებლო, თუ სხვა არჩევით სახელმწიფო ორგანოში.  ჩემი აზრით, სწორედ ასეთ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ დიდი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, რადგან დამოუკიდებელი კანდიდატი არავის მითითებებით არ იმოქმედებს, არავის წინაშე არ იქნება ვალდებული დაემორჩილოს და მხოლოდ იმ ხალხის მადლიერი იქნება, რომლებმაც მას ხმა მისცეს და  აირჩიეს. ის მაქსიმალურად ეცდება, რომ  საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს იმ ადგილზე, რომელსაც დაიკავებს და მისი ერთადერთი მსაჯული, ამომრჩეველი იქნება. ასეთ ადამიანებს გააჩნიათ საკუთარი შეხედულებები რაიონის, ან ქალაქის  კეთილმოწყობის თვალსაზრისით, მოქმედების  გეგმა. ის არ წავა კომპრომისებზე საკუთარ სინდისთან და ყველა მოქალაქე მისგან თანადგომას იგრძნობს.

მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველმა უპირატესობა სწორედ დამოუკიდებლობას და არა პარტიულ დიქტატს უნდა მიანიჭოს და ნურავინ იტყვის, რომ არსებობენ კარგი და ცუდი პარტიები. საქმე ამაში არ არის, უბრალოდ შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა არჩევანი უნდა  გაკეთდეს პარტიულსა და ხალხის ინტერესებს შორის. დამოუკიდებელი კანდიდატი  როგორც წესი, ან ცხოვრობს ამ რაიონში, ანაც დიდი ხნის მანძილზე ამ რეგიონთან საზოგადოებრივი, თუ პოლიტიკური საქმიანობა აკავშირებს.

შემიძლია მოვიყვანო სამგორის მაგალითი – 6/13 ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით კენჭს იყრის ქალბატონი გულიკო ზუმბაძე, მისი მოწინააღმდეგე კი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ტყემალაძეა, რომელიც ხსენებული პარტიის ნომენკლატურის წარმომადგენელია  და პრაქტიკულად, „ოცნების“ სახეა.

ბატონი ტყემალაძე შესაძლოა, კარგი ბიზნესმენია, თუმცა, აბსოლუტურად არაა ლილოს, ორხევის, წინუბანის და ოლქში შემავალი სხვა დასახლებებში მაცხოვრებელთა პრობლემების საქმის კურსში. მეტიც, მისი საქმიანობა შესაძლოა ხალხის ინტერესებს დაუპირისპირდეს. მხედველობაში მაქვს კარგად ცნობილი ბეტონის ქარხნის მშენებლობის ნებართვა რეკრეაციულ ზონაში. ამ ნებართვის გაცემით ნათელი გახდა, რომ სამგორის რაიონი პრაქტიკულად ერთადერთ დასვენების და სასუნთქ ადგილს კარგავდა. იქ შესაძლებელი იყო მოწყობილიყო საბავშვო ბანაკი, დასასვენებელი სახლები, თუმცა ბიზნეს ინტერესები ჩვენს ქვეყანაში, უბრალო ადამიანების ინტერესებზე მაღლა დგას.

გულიკო ზუმბაძემ კი ამის საპირისპიროდ, დიდი ძალისხმევა გასწია, უამრავი დრო დახარჯა და მიაღწია ლილოს ნაგავსაყრელის კონსერვაციას, თანაც ყოველივე ეს მაღალპროფესიონალურ დონეზე კეთდება და მიმდინარე პროცესს, ქალბატონი გულიკო მუდმივად აკონტროლებს.

როგორც ხედავთ, სახეზეა მნიშვნელოვანი განსხვავება!

იგივეს თქმა შეიძლება თბილისის მერის არჩევნებზეც. ჩვენი ორგანმიზაცია მხარს დაუჭერს ალეკო ელისაშვილს.  მეტიც, ჩვენ მივმართავთ ჩვენს ბენიფიციარებს (მათი რიცხვი კი 4500 თბილისურ ოჯახებს აღემატება), რათა მათ ალეკოს მისცენ ხმა. მისი აქტიურობა, უკომპრომისობა, შეუპოვრობა და პრობლემების სწორი ხედვა, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ჩვენი ქალაქისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო თბილისელებს ! საკრებულოში 50 ადგილია, 25-ს აქედან პარტიული სიით გასულები დაიკავებენ, 25 კი მაჟორიტარი დეპუტატების კუთვნილებაა. მოდით ავირჩიოთ საკრებულოს 25 დამოუკიდებელი წევრი, ადამიანები, რომლებიც არავის მისცემენ ქალაქზე ძალადობის უფლებას. !

მოდით ავირჩიოთ დამოუკიდებელი მერი, რომელიც მიიღებს საკუთარ და არა სხვის ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს. როცა საარჩევნო ყუთებთან მიხვალთ, დაფიქრდით, თუ ვის და რატომ აძლევთ ხმას, რადგან ხშირ შემთხვევებში კანდიდატის ერთადერთი დამსახურება ისაა, რომ იგი რომელიმე პარტიას წარმოადგენს! _ აცხადებს ,,უმუშევართა კავშირი”-ს თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი.