გულიკო ზუმბაძე: თბილისში 7 415 უსახლკაროზე მეტია, ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს

ვინ არიან უსახლკარო პირები, რამდენად მასშტაბურია ეს პრობლება და რა პროცესები მიმდინარეობს?
 საკრებულოს დეპუტატი გულიკო ზუმბაძე უსახლკაროების პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უსახლკაროების პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს:
-ამ მიმართულებით თბილისის მერიასა და საკრებულოში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თვშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისია, რომელიც მუშაობს 2015 წლის 9 დეკემბრის მთავრობის განკარგულების მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის #28-116 დადგენილების საფუძველზე. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონში – „სოციალური დახმარების შესახებ“- ცვლილებების შედეგად, უსახლკაროების, როგორც ასეთის, დეფინიცია განისაზღვრა ჯერ კიდევ 2006 წელს (1 თავი, მე-4 მუხლი, „ჟ“ ქვეპუნქტი), რომლის მიხედვითაც, უსახლკაროა პირი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო, ადგილობრივ თვითმმართველობაში. გამოდის, რომ ფაქტიურად 8-9 წლის მერე დაიწყო ამ კანონმა მოქმედება, თუმცა საკმაოდ ნელი ტემპით, შესაბამისი გეგმის გარეშე, რომელიც უნდა დაეფუძნოს საცხოვრისზე ხელმისაწვდომობის ერთიან ეროვნულ პოლიტიკას და, რაც, დღევანდელი მდგომარეობით, ჯერ-ჯერობით არ გაგვაჩნია.
 როგორია მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია?

უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი პირების განცხადებების რაოდენობა – 7415, საიდანაც სრულყოფილი დოკუმენტაცია იყო 6015 პირის შემთხვევაში. კომისიამ ამ ხნის განმავლობაში (წესის ამოქმედების დღიდან) განიხილა 1431 განაცხადი, საიდანაც დადებითი გადაწყვეტილება მიიღო 506 პირის მიმართ (ანუ ეს რაოდენობა დარეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო). თბილისის მთავრობამ განკარგულება გასცა 35 ოჯახის დაკმაყოფილების თობაზე (121 პირი).
 რა რესურსი გააჩნია თბილისის მერიას, თუნდაც ამ 506 პირის საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად.

– დაახლოებით უსახლკაროთა რა რაოდენობაა დარეგისტრირებული? 
-თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღეს მოქმედებს დაახლოებით 200 ბენეფიციარზე გათვლილი ააიპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი“, თუმცა ის არ წარმოადგენს ოჯახურ საცხოვრებელს, ემსახურება მიუსაფარ ადამიანებს ინდივიდუალურად და მათზე ბიუჯეტიდან კვებისა და ჰიგიენისათვის გამოყოფილია შესაბამისი ხარჯები. ამდენად, ამ ნაწილში მას აღარ განვიხილავთ. 75 ბინიანი სოციალური საცხოვრისი, რომელიც აშენდა ორხევის დასახლებაში და სადაც, ამჟამად, მიმდინარეობს შესახლება იმ ადამიანებისა, რომლებიც უსახლკაროდ არიან დარეგისტრირებული, ზემოთ აღნიშნული კომისის გადაწყვეტილებით და მთავრობის განკარგულებით, ასევე ვერ უზრუნველყოფს არსებული რაოდენობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ფაქტიურად, მარტო დედაქალაქში, საქმე ეხება სულ ცოტა 10000 მდე ადამიანის ბედს. მაგრამ უბინაოთა რიცხვი, ანუ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც თავად არ მიუწვდებათ ხელი საცხოვრისზე, გაცილებით მეტია.
საცხოვრებელი ბინის ხელმისაწვდომობის პრობლემა მასშტაბურია და ის სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ადექვატური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, კერძოდ: 1. არსებული პრობლემის ანალიზი 2. პრობლემის მოგვარების პოლიტიკა, სტრატეგია და განხორციელების გეგმა (გრძელვადიანი და მოკლევადიანი) 3. გრძელვადიანი გეგმის ჩამოყალიბება, საჭირო რესურსების განსაზღვრის საფუძველზე 4. მოკლევადიანი, დროში სწრაფად განხორციელებადი კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრა და განხორციელება, რაც უზრუნველყოფს პრობლემის მასშტაბურობის შემცირებას ამ საკითხების განსახორციელებლად, საჭიროა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნა, საქმიანობის ვადის განსაზღვრა, ეროვნული საპროგრამო დოკუმენტის შემუშავების მიზნით.
როგორ ესახება  ქალაქის მერიას უსახლკაროების პრობლემის მოგვარება?

-რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებსა და საჭიროებებს, ეს უნდა იყოს სამუშაო გეგმის ნაწილი (საკანონმდებლო ინიციატივები, ფონდების შექმნა, საბანკო რეფორმა, არსებული რესურსის რეაბილიტაცია (დაუმთავრებელი ბინათმშენებლობები, დაუკანონებელი ფართები, ელემენტარული სათანადო საცხოვრებელი პირობების უზრუნვეყოფის ღონისძიებები და სხვა). ადამიანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი საცხოვრებელი ადგილი. არასათანადო პირობები, არამდგრადი ურბანული გარემო, სერიოზულ გავლენას ახდენს მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. დიდია ის პრობლემა, რომელიც ასეთ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დარღვევის ჯაჭვს მიჰყვება. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი განათლების ხარისხის და საზოგადოებაში სრულყოფილ მოქალაქედ ინტეგრირების საკითხიც. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი სახელწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე ახდენს ძალიან დიდ ზეგავლენას.
 ეთერ ბალაძე