ხალხის აზრის დაფიქსირება სოციალური სააგენტოს დისკრედიტაციაა თუ სიმართლის წერა?

,,ბოლო დღეებში სოციალურ ქსელსა და ზოგიერთ მედია-საშუალებაში სოციალური მომსახურების სააგენტოს აშკარა დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რასაც მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი აქვს. სააგენტოს არაერთხელ გაუკეთებია განმარტება სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების შინამეურნეობების გადამოწმების მეთოდოლოგიაზე, ფულადი სოციალური დახმარების გაცემის ადმინისტრირებაზე და ყველა სიახლეზე, რომელიც ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების საკითხს ეხება. ზოგ შემთხვევაში მოქალაქეთათვის, მართლაც რთულად აღსაქმელია პროგრამის ცალკეული დეტალი, სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ განვმარტოთ პროგრამის არსი” _ წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე სოციალური მომსახურების სააგენტო.

 მათი ვრცელი განმარტებებიდან მხოლოდ რამდენიმეს გაგაცნობთ:

,,ახალი მეთოდოლოგია სრულიად თავისუფალია სუბიექტური ფაქტორებისაგან, პროგრამიდან ამოღებულია და ქულის დათვლაში არ მონაწილეობს არც აგენტის სუბიექტური შეფასება, არც ადგილობრივი თვითმმართველობების შუამდგომლობები, რაც გასულ წლებში დანერგილი საკმაოდ მანკიერი პრაქტიკა იყო. როცა ხშირად მართლაც აგენტის სუბიექტური შეფასებით ხდებოდა ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭება. დღეს სოცაგენტი დეკლარაციაში აღნუსხავს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რასაც თავად ოჯახის წევრები აწვდიან. შევსებულ დეკლარაციას კი ხელს აწერს და ადასტურებს თავად ოჯახის უფლებამოსილი პირი”.

,,მინიმუმამდეა დაყვანილი ოჯახის მხრიდან სახელმწიფოსათვის რაიმე ტიპის ინფორმაციის დამალვის ალბათობა და რაც მთავარია, სარეიტინგო ქულა ითვლება სწორედ ამ ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით – სპეციალური პროგრამის მეშვეობით და არა ვინმეს სუბიექტური გადაწყვეტილებით. სააგენტოს არც ერთ თანამშრომელს, მათ შორის, არც ხელმძღვანელობას არ გააჩნია ბერკეტი – ხელოვნურად მოახდინოს გავლენა სარეიტინგო ქულის დათვლაზე”.

,,როგორც მოგეხსენებათ, დეკლარაციაში აღარ იწერება საყოფაცხოვრებო ტექნიკა და პირველადი მოხმარების ნივთები. თუმცა ქულის დათვლაზე, რასაკვირველია, მოქმედებს ოჯახის შრომისუნარიანი წევრი, უმაღლესი განათლების მქონე პირები, ასევე ოჯახის შემოსავლები, შინამეურნეობის არსებობა, შემოსავლის მომტანი ქონება, კომუნალური ხარჯები და ოჯახის ზოგადი შემადგენლობა”.

,,ხალი მეთოდოლოგია უკეთ ხედავს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს. საარსებო შემწეობის თანხასთან ერთად ბავშვიანი ოჯახები 100 000 ქულის ქვემოთ ბავშვის ბენეფიტსაც იღებენ და იგივე ოჯახები საარსებო შემწეობის მიმღებებიც არიან”.

,,მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს უნივერსალურია პროგრამა, რომელიც ბაზაში რეგისტრირებული ყველა ოჯახის საჭიროებას ერთნაირად ხედავს, მაგრამ ქვეყანაში დღეს მოქმედი მეთოდოლოგია თავისუფალია პოლიტიკური და სუბიექტური გავლენებისაგან და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით ერთ-ერთ მოწინავე და პროგრესული სახელმწიფო პროგრამაა”.

   ახლა კი გაგაცნობთ მოსახლეობის აზრს, რომელიც სწორედ მათ ფეისბუქგვერდზე, ამ სტატიის კომენტარებით არის წარმოდგენილი:

,,რატომ იტყუებით? მე-2 ჯგუფის ინვალიდი ვარ. ვერ დავდივარ ხელჯოხის გარეშე, შვილი სტუდენტია, შემოსავლის მომტანი ქონება მე არ მაქვს და არც სახლი მაქვს და არც სოფელი, არც შინა და არც გარე მეურნეობა, მარტო 100 ლარი პენსია და სოც.დახმარება იყო ჩემი შემოსავალი. იმიტომ, რომ აღმწერეთ სხვის კერძო საკუთრებაში და იმ სახლში ხის იატაკი იყო, მომიხსენით სოც. დახმარება. ბრავოოოო!!! მაგრები ხართ. თქვენმა მოდგმამ იარსებოს 100 ლარზე ისე, როგორც მე დამტოვეთ პოლისის და საარსებო მინიმუმის გარეშე”.

,,მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს ისეთი მახინჯი და ცუდი პროგრამა, რომელიც თქვენ შემოიღეთ 2015 წლიდან. რაც შეეხება მორიგ სიცრუეს, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი მეთოდოლოგია თავისუფალია პოლიტიკური და სუბიექტური გავლენებისაგან და სოციალური მომსახურების სააგენტო აპოლიტიკურია, არის ტყუილი და მოქალაქეებისათვის თვალში ნაცრის შეყრა.  ეს პირადად დავამტკიცე, რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით”.

,,პროგრამა საქართველოს სტანდარტებში არ ჯდება და რა ქნას ხალხმა? ეს დახმარება კი არა, ლატარიაა. ვერც საყოფაცხოვრებო სახლის ფართი ვერ უშველის ადამიანების გაჭირვებას და ვერც შრომის უნარიანი. ან მართლა ხალხის საკეთილდღეოდ შეცვალეთ ან სულ გააუქმეთ, ცოდოა ეს ხალხი, გაჭირვებაც ეყოფად ნუღა დაამცირებთ მაინც”.

ეს კი, როგორც ჩანს, სააგენტოს თანამშრომლის კომენტარია:

,,ეს ყველაფერი კარგია. მუშაობთ პროგრამებზე, მაგრამ თანამშრომელებზე გიფიქრიათ ვინმეს? უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაწევს კისერზე და უზარმაზარი შრომის გაწევა გვიხდება 360 ლარად. გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლები გარბიან სამსახურიდან. არ ზრუნავთ, რომ ეს კადრი შეინარჩუნოთ. აფრიკელი მონები ვართ და არა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები”.

ახლა მკითხველმა შეაფასოს, ხალხის აზრის დაფიქსირება სააგენტოს დისკრედიტაციაა თუ სიმართლის წერა?